ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის კვლევითი ნაწილის განხილვა
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის კვლევითი ნაწილის და სანაპირო ზოლის განაშენიანების სამუშაო ვერსიის განხილვასთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შპს „ბაუ დიზაინი“-ს წარმომადგენლებმა, პრეზენტაციაზე ინსპექტირების ჯგუფის წევრებს, სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმა და ბულვარის სრული საპროექტო ტერიტორიის კვლევითი დოკუმენტაცია წარუდგინეს, მათ შორის, არსებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და ბათუმის ბულვართან მიმართებაში ჩატარებული კვლევების ანალიზი. კვლევის ანალიზი მოიცავს, როგორც ძველი ბულვარის ისტორიულ-არქიტექტურულ, ასევე არქეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს.
სამუშაო შეხვედრას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ჯგუფის წევრები – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტი, ბათუმის ბულვარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტში ჩართული მხარეები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას უძღვებოდა განაშენიანების გეგმის შემუშავებაში ჩართული საპროექტო ჯგუფი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა წარმოდგენილი განვითარების კონცეფცია ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის სრულყოფილ დაგეგმარებას, ზღვისპირა ბულვარის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებების და პრიორიტეტების ნათლად გამოკვეთას. სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმა მოიცავს ფუნქციურ ზონირებას, საპროექტო შენობების, აგრეთვე, კვების ობიექტების დაგეგმარებას, საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობას და ა.შ.
შეხვედრის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა „ბაუ დიზაინი“-ს მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია დეტალურად განიხილეს, მოისმინეს რეკომენდაციები არსებულ ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების, აგრეთვე სივრცითი ტერიტორიული განვითარების შესახებ და ამ მიმართულებით მათი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინეს.